საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გაიმართა საგრანტო პროექტის „ნორმატიული აქტის პროექტის დასაბუთების ფორმის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან“ შედეგების პრეზენტაცია.

პროექტის მიზანია საქართველოში საკანონმდებლო პროცესი უფრო სრულყოფილი გახდეს, დაიხვეწოს კანონპროექტის დასაბუთების ფორმა (განმარტებითი ბარათი), რაც საკანონმდებლო პროცესში ჩართულ პირებს, ორგანოებს და საზოგადოებას გაუადვილებს კანონმდებლის ნებისა და ცვლილების შინაარსის გაგებას. შესაბამისად, განმარტებითი ბარათი შინაარსით მეტად უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობას და გახდეს უფრო სრულყოფილი და გასაგები.

 

პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმა იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია, რომელმაც ისაუბრა საგრანტო პროექტის მნიშვნელობაზე, იუსტიციის სამინისტროს როლზე და თსუ პროფესორთა ჩართულობაზე ამ პროცესში.

 

პროექტის ხელმძღვანელია თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ვასილ გონაშვილი. პროექტში ასევე მონაწილეობდა თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი ნანა ჭიღლაძე. ვასილ გონაშვილმა წარმოადგინა კვლევა ევროპის 30 ქვეყნის მაგალითზე, სადაც შესწავლილი და გაანალიზებულია განმარტებითი ბარათის მომზადების პრაქტიკა, მისი ფორმა, თავისებურებები და გამოკვეთილია წინადადებები, რომლებიც შესაძლოა საინტერესო იყოს საქართველოსთვის.

 

საგრანტო პროექტი დაფინანსებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი ზაურ აბაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები, ასევე სხვა უწყებების წარმომადგენლები.

თარიღი: 17/10/2024